„კონკურენცია სწორედ ის საკვანძო ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას“

„თუ ჩვენთვის პრიორიტეტია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, ასევე ბუნებრივი მონოპოლიებისა და გარკვეული სექტორების ეფექტიანი რეგულირება, მაშინ არსებული სამართლებრივი ჩარჩოც ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს და წინადადებები წარადგინეს.
შეხვედრაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც თავისუფალი კონკურენტული გარემოს ფორმირებას უზრუნველყოფს, -„გამოვყოფდი სამ მთავარ გამოწვევას, ესენია კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, საკანონმდებლო დონეზე სააგენტოს შესაბამისი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, თავისი ფუნქციების ხარისხიანად შესასრულებლად და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოება“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონკურენციის სისტემამ ხელი შეუწყოს იმგვარი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის მომგებიან პოზიციას.
„კონკურენცია სწორედ ის საკვანძო ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას და კონკურენტუნარიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას. ასევე აუცილებლობას წარმოადგენს მუდმივ მონიტორინგს ექვემდებარებოდეს რისკის შემცველი საბაზრო სეგმენტები. სწორედ თითოეული ეს ფაქტორი უნდა იყოს ასახული ახალ კანონმდებლობაში“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეაფასეს კანონპროექტი და თავიანთი კომენტარები წარმოადგინეს პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეწარმეო საქმიანობის განყოფილების ექსპერტი, პედრო კარო დე სოუზა და ექსპერტი კონკურენციის დარგში, საბინე ზიგელსკი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) იურიდიული საკითხების ექსპერტი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის დარგში, ებრუ გოკჩე; ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასი, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, ბოგდან მარიუს კირიცოიუ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის – “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”, ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები