რომან კაკულია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მერსი ტემბონმა ისაუბრა 2019-2022 წლებში მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებისა და ხედვების შესახებ. შეხვედრაზე გააანალიზეს ქვეყნის განვითარების პროცესში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
„მსოფლიო ბანკს აქვს ძირითადი გამოწვევების განსაზღვრის ძალიან მკაფიო სისტემა, როგორც ქვეყნის დონეზე ასევე რეგიონული მასშტაბით. აქედან გამომდინარე თავიანთი პროგრამების და ინტერვენციების დაგეგმვისას ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ განათლების პროგრამების მნიშვნელობაზე, როგორც მთავარ საფუძველზე, რომ კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა გაიზარდოს. მათი მოსაზრებით ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა, რათა სამომავლოდ საქართველომ ეკონომიკური განვითარების სასურველ მოდელსა და დონეს მიაღწიოს”, – განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე ასევე, ითქვა, რომ შეირჩევა კონკრეტული რეგიონი ან რეგიონები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად გაანალიზდება და განისაზღვრება ამ რეგიონების განვითარების პრიორიტეტები, მათი შესაბამისობა მსოფლიო ბანკის მიერ პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემებთან. ამის შემდეგ მოხდება მათთვის კონკრეტული სამთავრობო პროგრამების განსაზღვრა, რომლებიც იქნება კოორდინირებული სხვადასხვა დონორებთან.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ამის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის წინსვლისათვის.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ოზან სევიმლი, სამხრეთ კავკასიაში პროგრამების ხელმძღვანელები ჟენევიევ ბოიღო, სარა მაიკლი და ლირე ერსადო. საგარეო და კორპორატიული ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა პაიჭაძე. პარლამენტის წევრები ბექა ნაცვლიშვილი და ისკო დასენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები