თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ილიკო ზაუტაშვილის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს
თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ილიკო ზაუტაშვილის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა ეწყობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის – „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” – ფარგლებში იმართება და 6 ოქტომბერს დაიხურება.
მაგდა გურული, გამოფენის კურატორი:
„…ჩვენი აქტიურობა მიმართულია მანკიერი საზოგადოებისა და იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული პირობითობების დისკრედიტაციისკენ. ხელოვნება, რომელიც აღმოცენდება გახსნილობის, თანაგრძნობის და თავისუფალი ქმედების შედეგად, მოვლენათა და საგანთა ტოლფასია. ხელოვნება აღარ არის ესთეტიური, მორალური, დამრიგებლური, მოკრძალებული.
დღეს იგი მოითხოვს ინტენსიურ გარემოს, აქტიურ პოზიციას…“, ვკითხულობთ ილიკო ზაუტაშვილის გასული საუკუნის 70-ანი წლების მანიფესტში, რომელიც კარგად გამოხატავდა ახალგაზრდა ინტელექტუალების ერთი ნაწილის დამოკიდებულებას საბჭოთა ტოტალიტარიზმის, „ცივი ომის“ და თანმდევი პროცესების მიმართ.
სწორედ ამ დროს ყალიბდება საქართველოში მხატვრის ახალი ტიპი, რომელიც კოლექტიურ „ჰიპნოზს“ თავისუფალ ნებას და პიროვნულ პასუხისმგებლობას უპირისპირებს. ცხადია, მათი ნამუშევრები არსად ჩანს იმ დროის ოფიციალურ გამოფენებზე. საკუთარ შეხედულებებზეც ისინი მხოლოდ თანამოაზრეთა ვიწყო წრეში საუბრობენ. ეს 50/60-ან წლებში დაბადებულ მხატვართა ის თაობაა, რომელიც 80-ან წლებში მომხდარ მნიშვნელოვან ცვილებებს მომზადებული ხვდება და პოსტსაბჭოთა ეპოქის ახალ ილუზიებსაც რეალური გამოწვევების გზას ამჯობინებს”.