ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერიერსა და ექსტერიერზე მრავალი პრობლემური სეგმენტის არსებობის გამო, სარესტავრაციო პროექტს პირველი ეტაპიდანვე კომპლექსური ხასიათი აქვს და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
სარესტავრაციო სამუშაოების რამდენიმეთვიანი პროცესის შედეგად ტაძრის ინტერიერის ჭერსა და ფასადებზე ქვიშის ჭავლის მეთოდის გამოყენებით მოიხსნა გაჯის ნალესობა, ხოლო გაწმენდილი ზედაპირი კირხსნარით დამუშავდა.
ფასადური ქვების გამოქარული წყობების აღდგენასთან ერთად, ხელახლა გადაეწყო ტაძრის ლავგარდანები, რომელთა ქვეშ არსებული სიცარიელეები და შიდა ნაწილები ბოჭკოვანი არმატურის გამოყენების მეთოდით სათანადოდ შეივსო და ანკერული წესით დამაგრდა.
იმის მიუხედავად, რომ პროექტი ტაძრის სახურავის მხოლოდ 30% -ის რესტავრაციას ითვალისწინებდა, სარეატავრაციო პროცესისას ძველი სახურავის ხის კონსტრუქციაზე გამოვლენილმა ხარვეზებმა მისი მთლიანად შეცვლის აუცილებლობა წარმოშვა. ამჟამად ნაგებობის გადახურვა მთლიანად დემონტირებულია. ტაძრის ცენტრალურ ნავზე ძველი ხის კონსტრუქციები უკვე შეიცვალა ახლით და თუნუქის ნაცვლად სპილენძის ფურცლებით გადაიხურა. ბაზილიკის გვერდითა ნავები კი ანალოგიური გზით მიმდინარე თვის ბოლომდე დაიხურება.
ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებისას პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა ახალი სარეკონსტრუქციო სამუშაოების საჭიროებაც გამოვლინდა. რესტავრატორების მიერ ფრაგმენტულად აღსადგენია საბჯენი თაღისა და სვეტის კაპიტელები. სპეციალური აპარატურითაა შესასწავლი საკურთხეველის ჩრდილოეთით გაჩენილი ბზარები, რომლის შიგნით არსებული სიცარიელეები სპეცხსნარითაა შესავსები. აუცილებელია ტაძრის ცენტრალური და სამხრეთ ნავების ექსტერიერის ფასადების ქვიშისა და წყლის ჭავლით გაწმენდაც.
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, რომელიც მომდევნო წელს დაიწყება. სარესტავრაციო პროცესი იატაკსა და ტაძრის ნავებს შეეხება. კონსერვაცია ჩაუტარდება კომპლექსის გალავანს. პარალელურად დაიწყება სამონასრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც.
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც კომპანია „კამარა“ ახორციელებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო.
სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით.