ხელოვნების სასახლეში ალბომის – „ანი-დან ჰოე-მდე“ წარდგენა გაიმართება
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება პრეზენტაცია ალბომისა „ანი-დან ჰოე-მდე“.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, გამოცემა „ანი-დან ჰოე-მდე“ დიმა თოფურიძის წარმოსახვითი სამყაროს მეტად ორიგინალური გადაწყვეტაა. ალბომის სახით მათი გამოცემის იდეა 2018 წლის გაზაფხულზე გამომცემლობა „აგორას“ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართველ თანამშრომელთა ასოციაციამ მიაწოდა.
ქართული ანბანის და ქართული ხალხური თუ ლიტერატურული საუნჯის პოპულარიზაციის მიზნით ცალკეულ ასოს დაერთო ქართული ანდაზები და ციტატები VII საუკუნის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან და მათი შესატყვისი ან თარგმანი ინგლისურ ენაზე.