დედოფლის გორაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურთან საქართველოს ეროვნული მუზუემის არქეოლოგების ჯგუფი დედოფლის გორის სამეცნიერო კვლევა-ძიების მორიგ ეტაპს ახორციელებს.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხალკოლითის პერიოდის (დაახლოებით 6 ათასი წლის წინანდელი პერიოდი) უძველესი დასახლების მრავალფენიან ნამოსახლარს, რომლის კულტურული დანაშრევების სიმაღლეც 14 მეტრს აღემატება, არქეოლოგიური ექსპედიცია 1985 წლიდან იკვლევს.
მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო 2018 წლის საველე კამპანიამაც, რომელსაც არქეოლოგი დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობს. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოდროინდელი სასახლის 2 ოთახისა (N25 და N26 ოთახები) და კიბის უჯრედის გაწმენდის შედეგად გამოვლინდა ალიზის თაღოვანი საკურთხეველი გვერდზე მდგარი პურის საცხობი ღუმელით. ერთ-ერთ ოთახში გამოვლენილია აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ალიზის პოდიუმიც, ჩალესილი ხელსაფქვავით, ხორბლით სავსე დერგითა და პოდიუმზე მდგარი წითლად მოხატული ხელადით.
სამეფო რეზიდენციის ოთახებში, რომლებიც სავსე იყო ზედა სართულების დაწვის შედეგად წარმოქმნილი ნანგრევით, მრავლად აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ნივთები და სხვადასხვა სისქის გრეხილი თოკები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული წყვილჩლიქიანი ცხოველის წინა ფეხი, რასაც მეცნიერები ავეჯის ნაწილად მოიაზრებენ.
არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარე წლის საველე სამუშაოებს სექტემბრის თვეშივე დაასრულებს. 2 სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის შედეგად კი დედოფლის გორის სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.
დღეს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო.
დედოფლის გორა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოღლაურთან, დედოფლის მინდვრის სამხრეთ ბოლოში, მდინარე ფცის მარცხენა ნაპირზე, მის მტკვართან შესართავის მახლობლად. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს დედოფლის გორაზე აშენდა სასახლე, რომელიც დროდადრო – როდესაც მეფე დედოფლის გორის სასახლის მახლობლად მდებარე სამლოცველოს მიაკითხავდა, სამეფო რეზიდენციად იქცეოდა. სასახლე მოიცავდა დედოფლის გორის 4000 კვ.მ. ფართობის მთლიან თხემს. ჩვ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედში სასახლე და ტაძარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა. მიწისძვრას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც დედოფლის გორის სასახლის ზედა სართულების დამწვარმა ნანგრევებმა საფუძვლიანად დაფლა პირველი სართულის ოთახები.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად წლების განმავლობაში მოპოვებული მასალა საოცრად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია და მოიცავს ყოფაცხოვრების ყველა სფეროს. საბრძოლო და სამეურნეო იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული, ლითონის და მინის ჭურჭელი, სამკაული, საბეჭდავები, მონეტები, ავეჯი და ქსოვლები, ერთობლიობაში, თხუთმეტიათასამდე ექსპონანტს მოიცავს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზუემის დედოფლის მინდვრის ფონდში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები