კახა კალაძე: ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი მომავალი, სადაც პროცესებს არ მართავს სიძულვილი და უპასუხისმგებლობა

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტის შეჩერებას გულისხმობდა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ინფორმაციისა და დისკუსიის დეფიციტი.
სწორედ ამიტომ, თბილისის მერი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კანონპროექტზე დისკუსია დროული გადაწყვეტილებაა.
„ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა კანონპროექტის გარშემო პოლიტიკოსების, სპეციალისტებისა და საზოგადოების მსჯელობა და დებატები, თუნდაც მწვავე პოლემიკა, პოლიტიკური სუბიექტების მიერ არგუმენტირებული აზრის გამოხატვა და ელექტორატის ინტერესების დაცვა.
თუმცა, ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ხდება, არ არის ჯანსაღი მოვლენა – არ შეიძლება “არგუმენტი” იყოს ლანძღვა და შეურაცხყოფა, არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება და არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება. არ შეიძლება მოსახლეობაში დუღილის ტემპერატურის ხელოვნურად მატება და შემდეგ, ჭორებითა და დეზინფორმაციით ამის მართვა. არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა პირადი თუ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღმა უნდა აღვიქვათ. ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი მომავალი, სადაც პროცესებს არ მართავს სიძულვილი და უპასუხისმგებლობა.
მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. აშკარად გამოჩნდა, რომ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არის ინფორმაციისა და დისკუსიის დეფიციტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უმეტეს გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ მგრძნობიარე საკითხს ეხება, უსათუოდ საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზეა მისაღები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჯანსაღი დისკუსიის წარმართვა და თავიდან ავიცილოთ ამ დისკუსიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება“, – აცხადებს კახა კალაძე.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეწყდა და ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები