არქიტექტორ-რესტავრატორი სოსო ბანძელაძე გარდაიცვალა

არქიტექტორთა საზოგადოებას, ღვაწლმოსილ არქიტექტორ-რესტავრატორთა რიგებს სოსო ბანძელაძე გამოაკლდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ  ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სარესტავრაციო სკოლამ დაკარგა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც წარმატებული რესტავრატორების თაობების აღზრდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის უწყვეტ პროცესს უდიდესი ბიძგი მისცა. მის პროფესიულ მიმდევრებზე სამხატვრო აკადემიასა და საპატრიარქოს სასულიერო აკადემიაში გადაცემული უსაზღვრო გამოცდილება და სიღრმისეული ცოდნა დროთა განმავლობაში ღირსეულად წარმოჩინდა. ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომლის სახელთანაც ათობით უმნიშვნელოვანესი სარეაბილიტაციო პროექტია დაკავშირებული…
სოსო ბანძელაძის ღრმა ინტელექტის, მაღალპროფესიული განათლებისა და დაუღალავი შრომის წყალობით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მრავალმა ძეგლმა ახალი სიცოცხლე ჰპოვა და დღეს კვლავაც ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებლად გვევლინება. სხვა მრავალ ღირსშესანიშნავ სარეაბილიტაციო პროცესთან ერთად, განუზომლად დიდია ბატონი სოსოს დამსახურება პირიქითა ხევსურეთისა და თუშეთის არქიტექტურული ძეგლების – შატილის, მუცოსა და კესალოს ციხე-სოფლების, ხვამლის მთის არქიტექტურული კომპლექსისა და ორბელის ციხის, მანხუტის, შინდლარის, გონისა და მცხეთის ჯვრის მონასტრების სარესტავრაციო პროექტებში. მის პროფესიულ მოღვაწეობასთან უშუალო კავშირშია თბილისის მეიდნის მასშტაბური რეკონსტრუქციის პროცესიც.
არქიტექტორ-რესტავრატორის მდიდარი შემოქმედების ერთგვარ გვირგვინს წარმოადგენს აწყურის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის მიმდინარეობაში ის სიცოცხლის ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული.
ღრმა მწუხარების განცდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თანამონაწილეა ბატონი სოსოს ოჯახისა და კოლეგების ტკივილის და მათთან ერთად იზიარებს უზადო პიროვნების გარდაცვალებით გამოწვეულ აუნაზღაურებელ დანაკლისს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები