რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: ვაპირებ ბრძოლას ჩემი სიმართლისა და კლინიკის განვითარებისთვის

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ცილისწამებლურს უწოდებს.
როგორც ავთანდილ იმედაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგი მზად არის კუთვნილი შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნდეს და კლინიკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უპასუხოს.
ამასთან, კლინიკის დირექტორი მზად არის ორშაბათს თანამდებობას დაუბრუნდეს და ბრძოლა სამართლებრივ ჩარჩოებში გააგრძელოს.
„მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ, კლინიკისა და ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში არანაირ ფინანსურ დარღვევევას ან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
მინდა გითხრათ, რომ გავრცელებული განცხადებების ავტორებთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ვაპირებდი შვებულებიდან გამოსვლას და პროტესტის ნიშნად ვტოვებდი ჩემს თანამდებობას. მაგრამ განვითარებული მოვლენები ამის უფლებას აღარ მაძლევს. ორშაბათიდან ვუბრუნდები საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ვაპირებ ბრძოლას ჩემი სიმართლისა და კლინიკის განვითარებისთვის.
მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კლინიკის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს გულშემატკივარებს თქვენი მხარდაჭერისთვის და ბოლო დღეებში გამოხატული საოცარი თანადგომისთვის.
იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი კლინიკის განვითარებით, მისი რეაბილიტაციითა და აღორძინებით დამთვრდება“ – აცხადებს კლინიკის გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „საპარტნიორო ფონდმა“ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნისნულია რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად, კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.
„საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გუშინ კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები