ლევან დავითაშვილმა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არტურ ხაჩატრიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო. მინისტრმა ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა და ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს საქმიანობის შესახებ.
„მინისტრის რანგში საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. თქვენ გაქვთ ხელშესახები პროგრესი აგრარულ დარგში. დიდი ინტერესით გავეცანი არსებულ სიახლეებს და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი მაქვს“, – განაცხადა არტურ ხაჩატრიანმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. მინისტრმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერა და ყურძნის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა. სომეხმა სტუმრებმა წილკანში პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების ლაბორატორიები (დნმ ლაბორატორია) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები