რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

რუსთავში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართება.
როგორც „კვირას“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება დღის 12.00 საათზე, ფიროსმანის ქ.N7 – ში დაიწყება.
შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების შესახებ ისაუბრებს სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. ფორუმზე მოსულ მოქალაქეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მიმართავს და იმ შესაძლებლობების შესახებ მოუთხრობს, რასაც დასაქმების ფორუმი მოიცავს. ფორუმის თარიღიც ღირსშესანიშნავია, ის „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულზე დაიგეგმა.
ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დასაქმების საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის მერიამ მომართა და დასაქმების ადგილობრივი ფორუმის ორგანიზება სთხოვა. რადგან, დასაქმების ფორუმები საუკეთესო საშუალებაა, როგორც სამუშაოს მაძიებლებისათვის, რომლებსაც ფორუმი ბაზარზე არსებულ აქტიურ ვაკანსიებზე წვდომას უმარტივებს, ასევე დამსაქმებლებისათვის ახალი კადრების მოზიდვის პროცესში.
ფორუმის განხორციელების ყველა ეტაპზე სააგენტო აქტიურად იყო ჩართული. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet-ში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს გაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
დასაქმების ფორუმს 20-ზე მეტი მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მოქმედ და რეალურ თავისუფალ სამუშაო ადგილებს წარმოადგენენ. 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის სფეროებს მოიცავს.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000, სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა სმს შეტყობინება.
დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელი და პოტენციური დამსაქმებელი ერთ სივრცეში შეხვდებიან ერთმანეთს. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები შეძლებენ უშუალო კომუნიკაციას პოტენციურ დამსაქმებლებთან და ვაკანსიების სრული სპექტრის გაცნობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები