CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გამოცდილების გაზიარების მიზნით ბულგარელ კოლეგას უმასპინძლა

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის, ვარნას სამხარეო პროკურორის მოადგილე სვეტლანა დანევა სტუმრობდა. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა გამოცდილების გაზიარებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებთან. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულ პირთა სერვისებით უზრუნველყოფის ღონისძიებებში. აგრეთვე, განხორციელდა ვიზიტები ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. შეხვედრები შედგა: მოსამართლეებთან, პროკურორებთან, გამომძიებლებთან და სხვა შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებთან.
განხორციელებულ შეხვედრებზე ძირითადად განიხილებოდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები, ეროვნულ დონეზე არსებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სპეციალიზებული საგამოძიებო სისტემის საქმიანობა, საქართველოში არსებული გამოცდილება, დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის სტატისტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებმა ბულგარელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პროკურატურის სისტემის, სტრატეგიული ამოცანების, ფუნქციების, პრიორიტეტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნულ ვიზიტს წინ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვლადიმერ თურმანიძის ბულგარეთის რესპუბლიკის, ქ.ვარნას პროკურატურაში სტუმრობა უძღვოდა. სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების მიზანი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაა. მიმდინარე წელს ქართველი პროკურორების მონაწილეობით სამი ანალოგიური პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები