3-13 ოქტომბერს, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების ხელმძღვანელი მაია კოკოჩაშვილი.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, 3-13 ოქტომბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციულად, თელავში ჩატარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
ფესტივალი თელავში 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე გასტანს. განრიგში 10 კონცერტია, რომელთაგან 6 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი – ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ, ორი კონცერტია დაგეგმილი.
მსმენელის წინაშე წარდგებიან სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტები: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე; ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი; ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი; ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი; საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, „ალტერ ორკესტრის“ მონაწილეობითა და მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, დაგეგმილია კონცერტი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტს კი უმასპინძლებს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. ამ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე ლექცია-კონცერტს გამართავს სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.
წელს, ფესტივალზე საგანმანათლებლო კომპონენტი მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი. კონცერტების პარალელურად, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ მუსიკოსები: ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი (ფორტეპიანო), დენიზ ტაჰბერერი (ვიოლინო) და პირველად ფესტივალზე ტარდება მასტერკლასები ვიოკალის სპეციალობაში – სებასტიან შვარცი (ვოკალი) და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის – დავით ჯაფარიძე. ღია გაკვეთილები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.
ელისო ვირსალაძის მიერ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინგვერდზე: www.biletebi.ge;
17 სექტემბრიდან ბილეთები ასევე გაიყიდება თელავის თეატრის სალაროში. აღსანიშნავია, რომ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფმა განსაზღვრა ბილეთების ღირებულება 25-დან 35 ლარამდე. მსმენელის ინტერესის გათვალისწინებით ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა დანიშნა ავტობუსი (თბილისი-თელავი-თბილისი). ავტობუსის ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები