თეა წულუკიანი „იბერიასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერებზე: ინტერესით ველოდები, რა მტკიცებულებებს დადებს გამოძიება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების შედეგებს ინტერესით ელოდება. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია და მთავარი მტკიცებულებები იქნება.
„ყველამ მოვისმინეთ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში გაჟღერებული ფრაზები, სახელები, გვარები, განცხადებები. მოვისმინეთ ამ ჩანაწერებზე გაკეთებული ძალიან ბევრი შეფასება და განცხადებაც. რადგანაც გამოძიება დაწყებულია, უნდა დაინტერესდნენ არა მხოლოდ პირველი ჩანაწერით, რომელიც სათავედ დაედო სისხლის სამართლის გამოძიების პროცესს, არამედ ყველა მომდევნო ჩანაწერითაც. ამით უნდა დადგინდეს, ვის რა როლი ჰქონდა, რადგან ჩანაწერებში ვისმენთ სხვადასხვა სახელსა და გვარს, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა.
სანამ ამაზე გამოძიება თავის სათქმელს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იტყვის, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე დღეს საუბარი. შესაბამისად, ისევე, როგორც თქვენ, მეც ინტერესით ველოდები, რა მტკიცებულებებს დადებს გამოძიება. ჩემთვის მთავარი არის, რომ გამოძიებამ პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რაც შეეხება სხვადასხვა პირის როლს ამა თუ იმ პროცესში, ძალიან ადვილია, რომ ერთმა პირმა მეორე პირთან საუბრისას ახსენოს მესამე პირის ან მეოთხე პირის გვარი და სახელი, მაგრამ სანამ გამოძიება არ განსაზღვრავს ჩანაწერში მოხსენიებული პირების რეალურ როლს. მანამდე სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე საუბარი. დაველოდოთ გამოძიების პროცესს. ფაქტი არის, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და მტკიცებულებები იქნება მთავარი და არა ის, თუ ვინ ვისთან ვინ ახსენა სახელით და გვარით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, „ომეგა-ჯგუფის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში კომპანიის წილების გადანაწილების შესახებაა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები