თამბაქოს მოწევა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ადგილას იქნება დასაშვები – კანონში ცვლილებები შედის

თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება. აღნიშნულ ცვლილებებს მხარი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაუჭირა.
ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააცნო.
როგორც დეპუტატმა განმარტა, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იხსნება შეზღუდვა უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ამასთან, დგინდება გარკვეული პირობები – კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.
გარდა ამისა, გამონაკლისის სახით, თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს მოწევა, ასევე დასაშვები ხდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის მიერ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საჯარიმო თანხის ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, 500 ლარით ჯარიმდება. პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებით კი, ეს თანხა 200 ლარს შეადგენს. შესაბამისად, იგი დარღვევის შემთხვევაში, 500 ლარის ნაცვლად, 200 ლარს გადაიხდის, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარის ნაცვლად, 400 ლარს.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, განმეორებისას – 200 ლარით.
როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის კუთხით, სხვა რაიმე გამონაკლისის დაშვება აღარ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები