“მარიხუანას მოხმარების იმ ნაწილში, სადაც ქაოსი გვქონდა, საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი გავაჩინეთ”

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარიხუანას მოხმარების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებამ გარკვეული ზეწოლა მოახდინა იმ პირებზე, ვინც პირველ ნაბიჯს დგამს, მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა. მისივე განმარტებით, რაც ყველაზე მთავარია სამინისტროს ეფექტური კონტროლის საშუალება აქვს.
„დავწერეთ კანონი, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს, მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. წარმოიდგინეთ, რამხელა ცვლილებაა ჩვენი მოქალაქის მენტალიტეტში. ასევე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საზოგადოებაში აღქმული იყო, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, რომ თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, სასამართლოს ეძლევა უფლება, მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, გარკვეულ პროფესიებზე. ესენია – ექიმი, ადვოკატი, საჯარო სამსახურში მუშაობა და ასე შემდეგ.
რეალურად, მარიხუანას მოხმარების იმ ნაწილში, სადაც სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა, გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ეს არის გარკვეული ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი პირველ ნაბიჯს დგამს, მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა. ამ შემთხვევაში, ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ შსს-ს გვაქვს ეფექტური კონტროლის საშუალება, რაც არის ყველაზე მთავარი. ამაზე საუბრობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე ვთქვით, იმ შემთხვევაშიც, თუ ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები მედიცინის, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება.
რაც კეთდება, რაც რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ, პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს. ეს არის და ეს.
კონსულტაციები გაგრძელდება, შეკითხვებს პასუხები გაეცემა და ფართო პლატფორმა, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების
ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები