ლევან დავითაშვილი: საქართველომ ვეტერინარული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

0

თბილისში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურმა დირექტორმა მონიკ ელუამ გახსნეს.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაში. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი წარმომადგენლობითი შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება, რაც კიდევ ერთი აღიარებაა იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ვეტერინარული უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლებში მიაღწია. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისა, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქცია ექსპორტზე მრავალ ქვეყანაში გავიდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კონფერენციას ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 53 წევრი და საერთაშორისო ორგანიზაციების 119 წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციის ფარგლებში დელეგატები გლობალიზაციის პირობებში რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ახალ გამოწვევებზე, ინტეგრირებულ მიდგომებზე, რისკების პრევენციასა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე მსჯელობენ.
კონფერენცია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის და FAO-ს პროექტის „ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში” (NAITS) მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი