„სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“ – თბილისში ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა გაიმართება

27 სექტემბერს, 18:00 საათზე, ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის (Aurelien Villette) გამოფენა – „სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“ გაიმართება. გამოფენას წარმოადგენს ფონდი „ევროარტი“ (საქართველო, ხელმძღვანელი დალი უბილავა – დე გრააფი) და ფონდი „არტექო“ (ნიდერლანდების სამეფო), ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2016 წელს ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანი, ორელიენ ვილეტი (Aurelien Villette) მეცხრედ ჩამოვიდა საქართველოში, აფხაზეთში  კი პირველად იმოგზაურა, იქ ერთი თვე დარჩა. იგი, ძირითადად, მიტოვებულ ადგილებს იღებდა.
გამოფენის გახსნის დღეს, 25 წლის წინ, დაახლოებით 250 000 ადამიანმა იძულებით დატოვა აფხაზეთი. ორელიენ ვილეტი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს მონატრებულ ადგილებს.
ორელიენ ვილეტი,  დედამიწის გარშემო მოგზაურობისას, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ოკუპირებულ აფხაზეთში შეჩერდა. ფოტოხელოვანი სრულიად განსხვავებული რაკურსით, ემოციურად გადმოსცემს ამ ადგილებში დასადგურებულ ნოსტალგიას, სიჩუმეს, მარტოობას – მე-20 საუკუნის რამდენიმე შეჩერებულ ათწლეულს. მის ფოტოობიექტივში მოხვდა მიტოვებული და დანგრეული სანატორიუმები, სასტუმროები, სახლები, ეზოები. 90-იან წლებში წარმოქმნილმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ოდესღაც ეს ულამაზესი და სიცოცხლით სავსე ადგილი, ახლა თითქოსდა აჩრდილების თავშესაფრად აქცია და ორელიენ ვილეტის ფოტოსერიის შთაგონება გახდა.
ფრანგი ფოტოხელოვანი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს აფხაზეთის ისტორიულ ადგილებს. იგი საზოგადოებას განაწყობს მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ, ურთიერთობის აღდგენისკენ და აღმშენებლობისკენ.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ქალაქ თბილისის მერია.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან ავტორი და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენა 7 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

დასწრება თავისუფალია!

***

ორელიენ ვილეტი დაიბადა პარიზში, 1982 წელს. მისთვის მოგზაურობა შესაძლებლობაა, უკეთ გაიაზროს სამყარო და კაცობრიობა არქიტექტურის საშუალებით. ორელიენ ვილეტმა მოინახულა ორმოცზე მეტი ქვეყანა, რადგან გახდეს ახალიისტორიების მოწმე, ფორმა მისცეს მსოფლიოს მისეულ აღქმას. ამ გამოფენის საშუალებით ორელიენ ვილეტი ქართველ დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს აფხაზეთის ისტორიულ ადგილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები