ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახალი 2018-2019 სასწავლო წელი სხვადასხვა სკოლამ განსხვავებული ღონისძიებებით დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, N5 საჯარო სკოლისთვის დღევანდელი დღე გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, სკოლის არსებობის მანძილზე პირველად, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.
“განახლებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა, წითელი ლენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად გაჭრა“,- აცხადებენ მერიაში.
საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სიტყვით მიმართეს, სწავლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
N5 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაშიც.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა N5 საჯარო სკოლისთვის, გარდა იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი დაიწყო, სკოლის ისტორიაში პირველად, მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და ადაპტირება. დამეთანხმებით, რომ ფიზიკური გარემო არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სათანადო ცოდნა მიიღონ.
მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო სკოლის დირექტორის მიმართ, რომ არა მისი დაუღალავი შრომა და მონდომება, დღეს არ გვექნებოდა ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“ ასეთი შესანიშნავი პროექტის განხორციელებისთვის.
თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შეაღეთ სკოლის კარი. ცოდნის ტაძარში მიღებული განათლება კი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უნდა მოახმაროთ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიოთ სამშობლოს. განსწავლული თაობა ხომ საქართველოს ხვალინდელი დღეა”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები