სალომე ზურაბიშვილი მედიას მიმართავს: ჩემს მიმართ როცა ისმის დაჟინებული და უაზრო კითხვები, სხვა კითხვებს რატომ არავინ სვამს?!

„მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები ყოფილი ხელისუფლების მიმართ უნდა დაისვას, რადგან წარსულში, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეალობა ცნობილი გახდეს.
“მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი, სიტყვებს აქვს თავისი მნიშვნელობა. როგორც ჩანს, ცოტა ძნელი გასაგებია. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები. ჩემს მიმართ როცა ისმის დაჟინებული და უაზრო ეს კითხვები, ეს დაფუძნებულია ამოგლეჯილ სიტყვებზე. სხვა კითხვებს რატომ არავინ სვამს? მივმართავ მედიას – რატომ არ მოუსმინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ იმას, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები? და ამას კარნახობდნენ ყოველდღიურად. რატომ არ გამოაცხადა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმთავითვე? დღეს რომ მეკითხებით, იმ დროს რატომ არ გამოაცხადა? და დაელოდა სამ დღეს, რომ ეთქვა, ვინ იყო აგრესორი. „რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს“ – ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის “კონფლიქტა” მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ, როგორც ჩანს. რატომ არავინ მიმართა პირველივე დღესვე საერთაშორისო საზოგადოებას, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? რატომ არ ვთქვით საზღვარგარეთ რომ რუსეთმა ომი დაიწყო? რას ელოდებოდა იმდროინდელი ხელისუფლება? ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს შეიძლება ჩემი ართქმული ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. მათმა ნათქვამმა ავნოს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში? რატომ ამაზე არ ფიქრობთ? თუ ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს და არც მინდა ვიხმარო, კიდევაც მერიდება ვიხმარო იმათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ – ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა? ვინ დატოვა კოდორში ჩვენი ძვირადღირებული შეიარაღება? და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ამ კითხვებზე როცა გავცემთ ერთად პასუხს და ეს უთუოდ გასაცემი იქნება, არ არის დამოკიდებული იმაზე, მე ვიქნები პრეზიდენტი თუ სხვა, მაგრამ მე ვიქნები! არის დამოკიდებული სხვა რამეზე, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებზე ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ ჩვენ წინ გვაქვს მომავალი, ამ მომავალში არა მხოლოდ საქმე ვაკეთოთ, ეს ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ, უნდა გავამთლიანოთ და რომ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, ჩვენს ძმებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ე.წ. რესპუბლიკებში, ყველას უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და არ სჭირდებათ მათ რუსეთის დაცვა. ისინი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენ ერთად გავმთლიანდებით და ის ხალხი, რომელიც დღეს გვაბრუნებს წარსულში, დავტოვოთ წარსულში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ გამთლიანებული საქართველოსთვის”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები