ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და დანაშაულს, რომელიც სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 2008 წელს ჩაიდინეს

„სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და დანაშაულს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 2008 წელს ჩაიდინეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო შტაბის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მან საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით შესანიშნავად ისაუბრა.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოწოდება საარჩევნო კამპანიის შინაარსის თაობაზე. მან ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის კამპანია წარმართონ. როგორც ვხედავთ, ეს პროცესი ასე არ წარიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიის წარმართვას სხვა შინაარსით ცდილობს. ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ მთლიანად შავი პიარითაა დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ევროპა და ამერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან შორსაა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიაშიც იკვეთება.
კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნათლად განმარტა მისი დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რასაც 2008 წლის ომი და ზოგადად, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჰქვია, ძალიან კარგად, შესანიშნავად განმარტა ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. მათ შორის, კიდევ ერთხელ თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ
უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას ძალიან დიდი წვლილი
მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ. ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, თუმცა მთავარია, აქცენტი გაკეთდეს მომავალსა და ხედვაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება.
„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს ჯერ 2012 წელს ჩავაბარეთ. ეს ყველაფერი 2016 წელს კიდევ უფრო გავამყარეთ და შემიძლია, მთელი დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნებიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება. აღნიშნული პარტია კიდევ ერთხელ დასამარდება, რომელსაც ეს შედეგი ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები