ილია მეორე მარიხუანას საკითხზე: რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!
“მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა, კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი – კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე, მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით ბრძანა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საკითხი მხოლოდ ეკონომიკური მოგების თვალსაზრისით არ უნდა განიხილებოდეს.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი – კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!”- აღნიშნა ილია მეორემ.