„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“ – „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება
დედაქალაქის მერიის პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში ეწვია.
მსოფლიო მასშტაბის პოპვარსკვლავის კონცერტი 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე, თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტებით წარდგება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
თბილისში ჩამოსულ მომღერალს დედაქალაქის მერი – კახა კალაძე შეხვდა და იუბილარ მუსიკოსს დაბადების დღე მიულოცა. კახა კალაძემ ქეთი მელუას თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მომღერალს აეროპორტში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მედიის წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები დახვდნენ. როგორც ქეთი მელუა აცხადებს, ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი მისთვის კონცერტზე თავისუფალი დასწრების შესაძლებლობაა, ის აღნიშნავს, რომ „ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“.
„როგორც კი თვითმფრინავში ვჯდები და საქართველოსკენ მოვდივარ, ვიქცევი ბავშვად. ეს არის არანორმალური ემოცია და სიყვარული, რადგან აქ ყოფნის დროს, ყოველთვის ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს და პატივისცემას, აქ ჩემი სახლია. ძალიან ვამაყობ, რომ ეს ყველაფერი იქნება ქართველი მაყურებლისთვის. რეპერტუარში იქნება ის სიმღერაც, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩავწერე, ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად. ეს იქნება კონცერტი ყველასთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესო და სასიხარულოა. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, დადგეს იქ, სადაც უნდა და დაესწროს კონცერტს სრულიად უფასოდ. მაგალითად, ინგლისში და ზოგადად, ევროპაში ასეთი რამ ჯერ არ ხდება. ეს არის ძალიან პროგრესული ნაბიჯი, რაც ძალიან მახარებს“, – განაცხადა მომღერალმა.
ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი მუსიკოსია, რომელიც, წლებია, ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 2003 წლიდან, რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში ქეთია მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული, ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.