აქციას – „დავასუფთავოთ მსოფლიო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო აქციაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 15-16 სექტემბერს იმართება.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლეინი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც მონაწილეობდნენ.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – “დავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად გააერთიანა. ამ დროისთვის, კამპანიაში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ორგანიზებას უწევდნენ: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა” პროგრამით „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III”, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის – Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია – „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID-ი.