ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ, N49 ბაგა-ბაღის წინ არსებული გამწვანებული ტერიტორია დასუფთავდა.
დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ აქციაში ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა, თათია ხოჭოლავამ მიიღეს მონაწილეობა.
„მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამების მონაწილე მოზარდები ძალიან დაგვეხმარნენ და ერთობლივი ძალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად, საკმაოდ დიდი ტერიტორია დავასუფთავეთ. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ვეცდებით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ყოველთვის ჩავრთოთ ასეთ კარგ საქმეში“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
აღნიშნულ გამწვანებულ ტერიტორიაზე, გამგეობის დაკვეთით, ხეების სხვლა-ფორმირებაც განხორციელდა, მოიჭრა რამდენიმე ავარიული, ხმელი ხე და გაუვალი ბუჩქები.