ჩინეთში, საავიაციო ფორუმზე – WORD ROUTES 2018 საქართველოს ქეთევან ალექსიძე წარადგენს
ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში, 15-18 სექტემბერს, რიგით 24-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში – WORD ROUTES 2018 მონაწილეობას მსოფლიოს 110 ქვეყნის 3 ათასზე მეტი დელეგატი მიიღებს. ღონისძიებაზე 700-ზე მეტი აეროპორტის, 300 ავიაკომპანიისა და 130 ქვეყნის ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელი პირები იქნებიან წარმოდგენილნი.
ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე უხელმძღვანელებს. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ტურისტული პოტენციალი წარმოჩნდეს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობს. წელს, WORD ROUTES 2018-ზე წარსადგენად, მნიშვნელოვანი პროექტები მიგვაქვს. საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, გვექნება პრეზენტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ”,- განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
საავიაციო ფორუმზე წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ქართული ავიაკომპანია MY WAY AIRLINES. ოთხდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.