ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას განიხილა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და რეგიონული კავშირების გაზრდას. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს, სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ფინანსთა მინისტრმა სტუმართან ერთად მთავრობის დაგეგმილი რეფორმები განიხილა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად განათლების სექტორი დასახელდა, სადაც აზიის განვითარების ბანკმა მომავალი რეფორმის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მნიშვნელობას და საქართველოს აქტიურ ჩართულობას ამ ინიციატივაში. როგორც ცნობილია, საქართველომ 11-12 სექტემბერს, ბათუმში, CAREC-ის მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მას СAREC-ის წევრი 11 ქვეყნის დელეგაცია, ენერგეტიკული კომპანიები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ​შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც პოზიტიურად განვითარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები