კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ კომპოზიტორები შენობაში არ შეუშვა
კომპოზიტორთა კავშირის რამდენიმე წევრმა, კომპოზიტორთა კავშირის შენობაში დღეს კრების ჩატარება მოითხოვა, თუმცა ადგილზე მისულ კომპოზიტორებს შენობის შესასვლელი კარი დახურული დახვდა.
„კრებაზე დასასწრებად მოსულ კომპოზიტორთა საყურადღებოდ. გადავინაცვლეთ ბაღში, იქ მობრძანდით“, – ამ შინაარსის წერილი დახვდათ დღეს კომპოზიტორებს კომპოზიტორთა კავშირის შენობის მთავარი შესასვლელის კარში.
კომპოზიტორთა კავშირის წევრები, რომლებიც თავმჯდომარის კახა ცაბაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, სიმფონიური ორკესტრის შენობის გვერდით ბაღში შეიკრიბნენ. ისინი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და კახა ცაბაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. როგორც კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა „კვირას“ განუცხადა, კომპოზიტორები დღეს კახა ცაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
„მე პირადად კახა ცაბაძის გადადგომას არ ვითხოვ. ჩვენ მოვედით, რომ კრება ჩატარებულიყო და პირადად გავსაუბრებოდით კავშირის თავმჯდომარეს, იმის შესახებ რაც ბოლო პერიოდში პრესაში იბეჭდება. სამწუხაროდ შენობის კარი დაკეტილი დაგვხვდა. ეს კი ჩვენი შეურაცხყოფაა“, – აღნიშნა ვაჟა აზარაშვილმა.
ბაღში შეკრებილ კომპოზიტორებს შორის ცნობილი კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილიც იმყოფებოდა.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდეს. თუ ვინმეს უნდა სიმართლის დადგენა და კახას გვერდით დგომა, ეს მე ვარ. ჩვენ დღეს კრების ჩასატარებლად მოვედით, მაგრამ შენობის კარები დაკეტილი დაგხვდა. მე მინდა, რომ კახა მართალი იყოს და მას დღეს ჩვენთვის უნდა მოესმინა“ , – განუცხადა „კვირას“ მარიკა კვალიაშვილმა.
კახა ცაბაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს ბარამ ბარამიძე. იგი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მუშაობით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, ბარამ ბარამიძე ამბობს, რომ ის ფაქტი, რაც მედია-საშუალებებში კომპოზიტორთა კავშირის შესახებ დაიწერა, ყველა მათგანის შეურაცხყოფაა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპოზიტორთა კავშირის სახლის შენობაში, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, საღამოობით ღამის კლუბი „დისკო ბეირუთი“ იწყებს მუშაობას. როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, კლუბს 13-14 წლის ქართველი გოგონებიც სტუმრობენ და კლუბის მესვეურები არასრულწლოვანთა პროსტიტუციით არიან დაკავებულნი.