„თუმცა ქალია ხელმწიფე“ – ისალონში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

 გერმანიის ქალაქ ისალონში ოთხი ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნა. The King Is Female („თუმცა ქალია ხელმწიფე“) – ასე ჰქვია მხატვარი ქალების ჯგუფურ ექსპოზიციას, რომელიც ნათელა იანქოშვილის, თამარ კვესიტაძის, რუსუდან ხიზანიშვილისა და ნათელა გრიგალაშვილის ორმოცამდე ნამუშევრს აერთიანებს.
ვილა ვესელის (Vila Wessel) მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრების გამოფენა მიმდინარეობს, გამოჩენილი გერმანელი მხატვრის ვილჰელმ ვესელის ყოფილ სახლშია განთავსებული, რომელიც მან საკუთარ ქალაქს უსახსოვრა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1971 წლიდან აქ მუზეუმი და გალერეა ერთობლივად მოქმედებს. ვილა ვესელში ქართველების გამოფენა 11 ნოემბრამდე გასტანს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობამ გერმანიაში ერთგვარად გამოაცოცხლა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ ქალაქში შეინიშნება.
ვილა ვესელის გამოფენაც ამ ტალღის გამოძახილია, თუმცა მაიკელ ოტო, ისალონელი ბიზნესმენი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერი ათ წელზე მეტია ურთიერთობს საქართველოსთან. მან თავის დროზე შეიძინა ქართველი მხატვრების: მამუკა მიქელაძის, ალექსი ბერდიშევის, თამარ კვესიტაძის, ნიკო ცეცხლაძის, ბექა ბოლქვაძის სურათები. მაიკელს და მის მეუღლეს ნიკოლეს დაებადათ პირველად იდეა, თხოვნით მიემართათ თავიანთი ქალაქის მუზეუმის მესვეურებისთვის და მათთვის რაიმე ქართული პროექტი შეეთავაზებინათ.
როგორც კი ვილა ვესელიდან ოტოებმა თანხმობა მიიღეს, ისინი დაუკავშირდნენ ბერლინის კორნფელდ გალერეას, რომლის მფლობელი ალფრედ კორნფელდი ქართული ხელოვნების კარგად მცოდნე და დამფასებელია.
ალფრედ კორნფელდმა მათ ქალი მხატვრების ექსპოზიცია ურჩია და ისინი დააკავშირა ნინა მდივანთან, ვინც ასეთ პროექტზე მუშაობდა. მან The King Is Female („თუმცა ქალია ხელმწიფედ“) ამ სახელწოდების წიგნიც კი მოამზადა, რომელსაც ბერლინის გამომცემლობა ბეჭდავს და მისი წარდგენა ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხდება. ნინა მდივნის კონცეპტმა ისალონის მუზეუმის მოწონება დაიმსახურა და მასთან ერთად გამოფენის კურატორად ვილა ვესელიდან დამტკიცდა იოახომ შტრაკე.
ისალონის გამოფენის მხატვრებიდან ნათელა იანქოშვილი და თამარ კვესიტაძე კორნფელდის გალერიის მხატვრები არიან და წლების განმავლობაში მუშაობენ მათი ხელოვნების ფართოდ გასაცნობად გერმანიასა და მთელ მსოფლიოში. ქართული მხატვრობის კლასიკოსის ნათელა იანქოშვილის სურათები ბოლო წლებში მათ გაიტანეს მრავალ ცნობილ არტფორუმზე, სადაც მისი დიდი და ორიგინალური ტალანტი აღიარეს. წლეულს, მხატვრის 100 წლისთავზე, კორნფელდის გალერიის სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა ბლიაძის მიერ მომზადდა და გერმანულ-ინგლისურ ენაზე გამოიცემა იანქოშვილისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული წიგნი.
აქვე ალბათ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შარშან გალერეამ თავისი მხატვარი ქრისტოფერ ლემპფული მიავლინა საქართველოში, სადაც ის რამდენიმე კვირა დარჩა და თბილისის, მცხეთის, სიღნაღისა და ყაზბეგის ხილვით შთაგონებულმა ათობით ფერწერული პეიზაჟი შექმნა. ბერლინში დაბრუნებულმა მხატვარმა ქართული სერია შარშანვე გააცნო გერმანელ დამთვალიერებელს. სურათებთან ერთად მან საქართველოს შთაბეჭდილებებით შექმნილი წიგნი–ალბომიც წარუდგინა პუბლიკას. ამასთან, როცა ქრისტოფერ ლემპფულს 2018 წლის კალენდარის საკუთარი სურათებით გაფორმება შესთავაზეს, აქ მან თავის რჩეულ ტილოებთან ერთად თბილისისა და სიღნაღის პეიზაჟებიც შეიტანა.
ისალონის მუზეუმში ნათელა იანქოშვილს მხოლოდ ხუთი სურათით ეცნობა საზოგადოება, მაგრამ „ლილის პორტრეტს“, „ენიგმას“, „გაზაფხულს“, „თინათინს“ („ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია) და „კუნძულს მდინარეში“ ის მხატვრული სრულყოფილება გამოარჩევს, რომლის წინაშე აუცილებლად შეყოვნდება ხელოვნებაში გათვითცნობიერებული მნახველი. ამ უჩვეულო ფერებს და ხაზებს საიდუმლო ათინათი დასთამაშებს, სადაც ვერ გაარკვევ, დღეა თუ ღამეა. მხატვრის ეს მიგნება რუსთველისეული „მზიანი ღამის“ პოეტიკიდან იღებს სათავეს და მის ფერწერულ ეკვივალენტად უნდა შეფასადეს. იანქოშვილი თავისი ავტონომიურობით შესამჩნევი ავტორია ხელოვნების ისტორიაში და ამას დროც დაამტკიცებს, მისი საყოველთაო აღიარების პროცესი უკვე დაწყებულია და ამას აკეთებს გერმანული მხარე. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა, უპირველესად ქართულ ხელოვნებათმცოდნეობას და საერთოდ ქვეყანას მართებს, უფრო მეტად ჩაუღრმავდეს იანქოშვილის ფენომენს და სათანადოდ დააფასოს ის თავგანწირვა, რომლითაც ეს გენიოსი ხელოვნებას ემსახურა.
თამარ კვესიტაძე უკვე ექვსი წელია წარმატებით თანამშრომლობს გალერია კორნფელდთან. მან თავისი კრეატიულობით უმალ მოიპოვა მოაზროვნე და გემოვნებიანი არტისტის სახელი. მას ჰყავს დამფასებელთა ფართო აუდიტორია, რომელიც მუდამ დაკვირვებით ადევნებს თვალყურს მხატვრის პროგრესს და მისი ნიჭის ახალ მონაპოვრებს. მის არტეფაქტებზე მუდამ დიდი მოთხოვნაა და ამიტომაც ხვდება ხოლმე ისინი გამოფენების უმალ სამუზეუმო თუ კერძო კოლექციებში. „ვილა ვესელში“ საზოგადოება გაეცნო კვესიტაძის ქანდაკებებს: „კაცი და ქალი“ და ,,Ne me quitte pas’’, დიდი ზომის კედლებს: „ყოველი მიმართულებით“ და „გამოქვაბულის მთხრობელები“, ასევე ქაღალდზე აკვარელით შესრულებულ სურათებს, რომლებიც ძირითადად ადამიანთა ფიგურებსა და სახეებს ასახავს. აქ იგი ლაქების გამოყენებით შთამბეჭდავ შედეგს აღწევს. ვიზუალურად მათი ცქერისას როდენის და მარლენ დიუმას აკვარელები გაგაგხსენდებათ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ქართველი მხატვრის ფიგურებიდან და სახეებიდან ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად ჩამოღვენთილ და ერთმანეთში გადასულ ლაქებს, ისინი უფრო ღრმა დატვირთვას იძენენ – თითქოს ფიზიკური ტკივილთან, ცრემლსა და სისხლთან ასოცირდებიან.
რუსუდან ხიზანიშვილი დამთვალიერებლის წინაშე კოლაჟების სერიით წარდგება, რომელსაც მხატვარი ასე ასათაურებს: „მე ყოველდღე დღიურს ვწერ“. შერეული ტექნიკით შესრულებული ეს ნამუშევრები ყურადებას იქცევს სიცოცხლით სავსე ფერადოვანი გამით, რომელიც სხვადასხვა მედიუმით იქმნება და საოცრად ეფექტურია. თითქოს ყოველდღიურობის ხმებიც კი გვესმის ამ კოლაჟებიდან. კარგად იგრძნობა ადამიანებზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი, რომელსაც აქვს ფერისა და კომპოზიციის თანდაყოლილი გრძნობა და უყვარს ექსპერიმენტი. ეს ის სახარბიელო თვისებებია, რაც ამ მხატვარს ხდის მოუწყინარს და მისი შემდგომი ძიებებს მიმართ ინტერესს უნარჩუნებს მნახველს.
ნათელა გრიგალაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფია საქართველოდან, რომელმაც ისალონის გამოფენაზე თავისი ძველი სერიებიდან: „დედაჩემის წიგნი“ და „სოფელი თაგვეთი“ წარმოადგინა რამდენიმე ფოტო. ეს ფოტოები ადამიანების, მათი გრძნობებისა და ემოციების ისტორიაა და ამ ისტორიებს ოცი წლის მერე, ახლა სხვებს უყვება მათი ავტორი. ადამიანური სითბოთი და ბუნებრივობით აღბეჭდილი ეს ფოტოები სათუთსა და სამუდამოდ დაუბრუნებელზე საუბრობს თანამედროვე მნახველთან და მის სულს სიკეთის მარცვალს უმატებს. სავსებით ბუნებრივია, რომ რევაზ ინანიშვილის, გოდერძი ჩოხელისა და თენგიზ მირზაშვილის ქვეყანაში გამოჩენილიყო ისეთი გულთამხილავი ფოტოგრაფი, როგორიც გახლავთ ნათელა გრიგალაშვილი. თავისი კამერით მათ გზას ერთგულებს, ისიც მუდამ ადამიანთა სევდითა და სიხარულით არის გულშეძრული.
ისალონის ვილა ვესელის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა, რომელიც გერმანელების ინიციატივით და უანგარო დახმარებით მოეწყო, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, გაცილებით მეტ ადამიანს შეუქმნის წარმოდგენას თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე. იმედია, ამას მოჰყვება ახალი კავშირები და პროექტები, რაც კიდევ უფრო გაამყარებს და მრავალფეროვანს გახდის ამ ურთიერთობას.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები