ახმეტაში, ხევისჭალის საყდარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, განვითარებული შუა საუკუნეების ხევისჭალის საყდარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის  24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი, რიყისა და შირიმის ქვით დუღაბზე. პერანგი შირიმის სუფთად ნათალი კვადრებით იყო შემოსილი. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. კედლები დასრულებული იყო პროფილირებული ლავგარდნით.  ყველა კედელში თითო სარკმელია. მათგან აღმოსავლეთის თაღოვანია, დანარჩენი კი სწორკუთხა. ეკლესია შიგნიდან რიყის ქვითაა ნაგები, პილასტრები, კაპიტელები და თაღები შირიმითაა გაკეთებული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასევე ასევე თაღოვანია სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლები, დასავლეთის კი – სწორკუთხა. ეკლესია ნახევარწრიული კონქითა და კამარითაა დასრულებული, რომლებიც პილასტრის პროფილირებულ კაპიტელებზე გადასულ ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა.
მთლიანადაა შემოძარცვული შირიმის პერანგი, დარჩენილია მხოლოდ სამხრეთი კედლის ნაწილზე. სახურავი არ შემორჩა. დაფარულია მცენარეულობით. კედლებზე სურო და ეკალ-ბარდია გასული. აბსიდის სარკმლისქვედა ნაწილი განგრეულია, ჩამოშლილია კარის ნაწილი. ასევე ჩამოშლილია სარკოფაგის კედლის ნაწილი.
ძეგლისთვის აუცილებელი მახასიათებლებია: შირიმის პერანგი, კარნიზი, პილასტრები და პროფილირებული კაპიტელები, კრიპტა, სარკოფაგი, ჯვრის რელიეფური გამოსახულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები