ლევან იზორია: ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი
ამერიკისგან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობთ, უკვე მივიღეთ უსერიოზულესი ჯაველინების სისტემა, ახლა უნდა მივიღოთ საჰაერო სისტემა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა – 2018″ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არ გადაუხვევს თავის კურსს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ დავიწყეთ ტერიტორიული თავდაცვის მომზადება, ეს არის საქართველოს თავდაცვის პროგრამა, რათა დავიცვათ თავი მტრებისგან. ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმების გატარება, ახალი ეროვნული გეგმების განხორციელება. ჩვენ, შესაძლოა, გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ნატოს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ. შევამცირეთ პერსონალის ხარჯები და დარჩენილი თანხით შევისყიდეთ აღჭურვილობა. ამერიკისგან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობთ, უკვე მივიღეთ უსერიოზულესი ჯაველინების სისტემა, ახლა უნდა მივიღოთ საჰაერო სისტემა. მზად ვართ ნატოსკენ გზა გავაგრძელოთ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე სახლში”, – განაცხადა იზორიამ.