ქართველმა პიანისტებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართეს
ცნობილმა ქართველმა პიანისტებმა ლექსო თორაძემ და ედიშერ სავიცკიმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის კიდევ ერთი კონცერტი გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ საკონცერტო პროგრამა, შეიარაღებული ძალების სამხედრო-სასულე ორკესტრთან ერთად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში შეასრულეს.
ღონისძიება პროექტ „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში გაიმართა.
დასს დირიჟორობა უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწია. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი ლევან გამყრელიძე და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ. საღამოზე ასევე ადგილობრივი გამგეობის წევრები იმყოფებოდნენ. ლექსო თორაძემ და ედიშერ სავიცკიმ კონცერტი, სამხედრო-სასულე ორკესტრთან ერთად, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბათუმის ხელოვნების ცენტრში უკვე გამართა.
გალა კონცერტი კი, ცნობილი პიანისტებისა და სამხედრო მუსიკოსების მონაწილეობით, თბილისის რუსთაველის თეატრშია დაგეგმილი.