“იანვრიდან ახალ რეფორმას გავატარებთ, რომელიც ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას გაუადვილებს”
“პირველი იანვრიდან ჩვენ ახალ რეფორმას გავატარებთ ეკონომიკაში, საგადასახადო რეფორმას და ის გათვლილი იქნება ამერიკულ კომპანიებზე, რომ მათ საქართველოში ბიზნესის წარმოება გავუადვილოთ. ვცდილობთ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები ყველა სფეროში იყოს განვითარებული”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
„ფაინენშელ თაიმსის“ რედაქტორმა, მამუკა ბახტაძეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს დონეზეა, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
„აშშ მხარს გვიჭერს მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს გრძელდება დღემდე. ყველა ადმინისტრაციას ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაჰყავდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. ეს არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომ აშშ-ს მსოფლიოს ამ ნაწილში, საქართველოს სახით, სანდო პარტნიორი ჰყავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება მომავალში. თუმცა, ჩვენ გვაქვს დანაკლისიც, რომლის შევსებაც აუცილებელია. მაგალითად, ეკონომიკაში. გვინდა, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში. გვინდა მეტი ჩართულობა ყველა სხვა საკითხშიც, თუმცა, ეკონომიკური თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, საქართველო ბიზნესისთვის და ტურიზმისთვის ე.წ. ჰაბად ვაქციოთ. ველოდებით უფრო ფართო თანამშრომლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.