ნიკოლ ფაშინიანი: ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს

ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქსირებელია, რომ ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სომხეთის პრემიერის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა არაერთი საკითხი განიხილეს.
“პატივცემულო კოლეგებო, პატივცემულო ჟურნალისტებო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრისთვის, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენი მომდევნო ურთიერთობების განვითარების გარკვეული ამბიციური საკითხები დავსვით. რა თქმა უნდა, სომხეთის და საქართველოს ურთიერთობა ბრწყინვალეა. ჩვენი ურთიერთვიზიტები პერიოდული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი: ტრანსპორტის, ეკონომიკის, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქსირებელია, რომ ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალზედ ამბიციური პროგრამა იქნა წამოწეული. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ პროგრამას. კონკრეტულად, საკითხი დაისვა უახლოეს წლებში სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და იმის შესახებ, რომ სავაჭრო ბრუნვას ერთ მილიარდ დოლარამდე მივაღწიოთ. ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას უნდა გვქონდეს საგზაო რუკა და შეთანხმებული ნაბიჯები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს. კომისიის წინაშე კონკრეტული საკითხი დაისმება. ჯერ უნდა შევადგინოთ საგზაო რუკა, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების, ჰუმანიტარული, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაძლიერებლად. შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ყოველ ვიზიტთან ერთად ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების დონე უფრო მაღლდება, ატმოსფერო უფრო მეგობრული და უფრო თბილი ხდება და ჩვენი მთავრობების წევრებს შორის მყარდება მეგობრული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ეს ტონი და ტემპი უნდა გავაგრძელოთ და სარწმუნო ნაბიჯებით წინ ვიაროთ”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები