გიორგი ცუცქირიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მაკროეკონომიკური მდგრდობის მაჩვენებელია

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით (33.4 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.
ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რომელიც ეკონომიკური ზრდის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყაროა, გასულ 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს $1.86 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას ქვეყანაში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2012-2017 წლებზე უკეთესი საინვესტიციო ფონი, რაც დიდწილად განპირობებული იყო პოლიტიკური და ფინანსური სტაბილიზაციით, არასდროს გვქონია.
ნიშანდობლივია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს. მშპ-ის სტრუქტურის ფორმირების თვალსაზრისით მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
შედარებისათვის 2012-2013 წლებში წმინდა უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 1 მლრდ დოლარის ფარგლებში იყო, შესაბამისად,ინვესტიციების თანაფრდობა მშპ-სთან თუ 2012 წელს იყო, 6.4 %, 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს -12.5 %. რეგიონალურ ჭრილში ასევე უნდა გამოიყოს აზერბაიჯანი-11.37 % და ყაზახეთი12.3%.
ბალტიის სახელმწიფოებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში საშუალოდ 2 %, სომხეთში-3%, ხოლო თურქეთში კიდევ უფრო ნაკლები -1.4%-ია. სხვა თანაბარ პირობებში, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველოში საშუალო ვადიან პერიოდში წელიწადში რაც უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა, მით უფრო უკეთესი იქნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მაკროეკონომიკური მდგარდობის მაჩვენებელია, რაც ზემოქმედებს საგადამხდელო ბალანსზე და სავალუტო კურსზე დადებითად.
რაც შეეხება ქვეყნებს, 2018 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა (20.2 პროცენტი – 136.5 მლნ. აშშ. დოლარი), შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო (19.3 პროცენტი -130.2 მლნ. აშშ.დოლარი) და ნიდერლანდები (14.5 პროცენტი – 97.8 მლნ. აშშ.დოლარი).
ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ევროკავშირიდან ინვესტიციების ზრდა, დიდწილად დაკავშირებულია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციასთან, რაც კიდევ უფრო გაზრდის მომავალში საინვესტიციო ნაკადებს.
DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) ამოქმედებით, გვაქვს კარგი შანსი გავზარდოთ ინვესტიციების მოცულობა და მოვახდინოთ ექსპორტის ზრდა მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები