მიხეილ ჭელიძე: ახალი საბაჟო კოდექსი ბიზნესგარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს

„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ აღმასრულებელი პრეზიდენტი მიხელ ჭელიძე ახალი საბაჟო კოდექსის პროექტს დადებითად აფასებს.
როგორც ჭელიძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, პროექტით გათვალისწინებული სიახლეები ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის კიდევ უფრო მეტად ჰარმონიზაციას მოახდენს და ბიზნესგარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ზოგადად, ეს პროექტი, მთლიანობაში, ძალიან კარგი და მისასალმებელია. ეს სტანდარტები ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზართან კიდევ უფრო დააახლოებს. უმნიშვნელოვანესია, რომ იქმნება საბაჟოს სერვისების ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობა. ამას ციფრული საბაჟოს კონცეფცია ითვალისწინებს, რაც საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას ისახავს მიზნად. ასევე, გამოვყოფ რამდენიმე მიმართულებას, მაგალითად, იმას, რომ გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა იქმნება.
ამასთან, როგორც ირკვევა, ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება თავდებობის გამოყენებაც. ვფიქრობ, რომ თითოეული კომპონენტი კომპლექსურად, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განუცხადა „კვირას“ მიხელ ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, დღეს, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის თქმით, 2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება. კანონპროექტი, საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით,მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები