საქართველოში ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი ამოქმედდება

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ევროკავშირის სტანდარტებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.
„ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად პასუხობს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, – აცხადებს მინისტრი.
ამ წუთებში, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აცნობს.
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები; კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები; საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:
• შემოდის მარტივი გაფორმებ​ის ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;

• იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;

• საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;

• ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;

• იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;

ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით. მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში” და „საზღვარზე” არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, დაიწყება საჯარო განხილვები ბიზნესსექტორის, ექსპერტების, ყველა დაინტერესებული და მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები