ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანის ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში მდებარე XV-XVI საუკუნის სასახლე – ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
სასახლე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე, კარ-სარკმელთა თაღების გამოსაყვანად გამოყენებულია აგური. ორსართულიანია, გამართულია დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე. შედგება ერთ ხაზზე განლაგებული სამი სხვადასხვა ზომის დარბაზის (ყველაზე დიდია აღმოსავლეთის, ყველაზე პატარა შუა დარბაზი), მცირე საკუჭნაოსა და მინაშენისგან.
ჩრდილოეთიდან შემჯდარია მიწის ფერდში. წინა ფასადი სამხრეთით აქვს. სამივე დარბაზი ერთმანეთთან შიდა გასასვლელითაა დაკავშირებული. ამავე დროს, განაპირა დარბაზებს საკუთარი შესასვლელებიც აქვთ: დასავლეთის დარბაზს სამხრეთ და დასავლეთ კედელში, ხოლო აღმოსავლეთის დარბაზს – სამხრეთის კედელში.
კარი ყველა ერთნაირია: გარედან თაღოვანი, ინტერიერიდან ხის ძელით დასრულებული.
აღმოსავლეთის დარბაზს სამხრეთიდან შემდგომ პერიოდში გაკეთებული მინაშენი აქვს. მინაშენს დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში თაღოვანი შესასვლელი აქვს, სამხრეთის მხარეს კი სამი ფართო თაღოვანი სარკმელი ჰქონია. ამ მინაშენის დასავლეთ კედელზე გარედან ვიწრო, საფეხუროვანი მინაშენია. ალბათ ის მეორე სართულზე ამავალი კიბე უნდა ყოფილიყო.
სასახლე ერთ-ერთი დიდი საერო ნაგებობაა, რომელიც ისტორიას შედარებით უკეთ შემორჩა საქართველოში. ის ამ მხარის ფეოდალის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რომელიც დაკავშირებული იყო მისგან 100 მეტრში მდგარ ღვთაების საეკლესიო კომპლექსთან.