ცოტნე ყავლაშვილი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია

„დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საგადასახადო ზედმეტობის სახით, დღეის მდგომარეობით, უკვე  280 მლნ ლარამდეა დაბრუნებული.

„2018 წლის დასაწყისიდან, ფინანსთა სამინისტროს მიდგომები დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არის თვისობრივად შეცვლილი, პროცესის გამარტივებისა და დაჩქარების მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კიდევ უფრო გააქტიურება, რათა მათ ელექტრონული ფორმით შეავსონ განაცხადები და ჩვენ, უმოკლეს ვადებში, დავაბრუნებთ აღნიშნულ თანხებს. 2018 წლის ბოლოდან, ეს პროცესი სრულად ელექტრონული ფორმით განხორციელდება და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, განხორციელდება ადამიანური რესურსების ჩართულობის გარეშე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, ბიზნესის აქტიურობა, ბოლო წლებთან შედარებით, 4-ჯერ არის გაზრდილი, რაც რეფორმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ბიზნესს მეტი აქტიურობისკენ. დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ეს პროცესი უკავშირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რადგან ბიზნესს აქვს საშუალება, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს ის აქტივები, რომელიც მას დღგ-ს ზედმეტობის სახით აქვს საგადასახადო ბარათზე და ეს თანხები კვლავ გამოიყენოს ბიზნესის გაფართოებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და რეინვესტირებისთვის. ფინანსთა სამინისტრო წლის მანძილზე ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და წლის ბოლომდე, მივაღწიოთ ძალიან მაღალ, 500-მილიონიან მაჩვენებელს”, – განაცხადა ყავლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები