დავით კეშელავა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ანალიტიკოსის, დავით კეშელავას შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას იძლევა, ბაზრებზე ისეთი პროდუქტები იქნას შეტანილი, რომელიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას გვაძლევს, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე შევიტანოთ პროდუქტები ბაზრებზე, რომელიც შეიძლება აქამდე არ იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი, რაღაც მიზეზების გამო. ამიტომ ასეთი შეთანხმებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“, – აცხადებს დავით კეშელავა.
მისი აზრით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, გარკვეულწილად, სტიმულს აძლევს წარმოებასაც – ქართულ კომპანიებს, რომ აწარმოონ პროდუქცია და ახალი ბაზრები აითვისონ.
დავით კეშელავას განმარტებით, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც აქამდეც გაფორმდა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.
„თუმცა ერთია პოტენციალი, რასაც გვაძლევს ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და მეორე, რამდენად ვახდენთ ამ პოტენციალის ათვისებას. მაგალითად, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, შეგვიძლია, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შევიტანოთ პროდუქტების უმრავლესობა და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გაგვაქვს პროდუქტების დიდი ნაწილი ამ ბაზრებზე. მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ ბარიერები არ არის დაბრკოლებები, რის გამოც ქართული პროდუქცია ვერ გადის უცხოურ ბაზრებზე – სხვა ტიპის დაბრკოლებებიც არსებობს, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ პროდუქტების დიდი ნაწილის ექსპორტი მოვახდინოთ”, – აღნიშნავს დავით კეშელავა.
მისი აზრით, დაბრკოლებებს შორისაა ახალი ბაზრების შესწავლასა და მარკეტინგული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის კონკურენცია.
„საქართველო პატარა ქვეყანაა, ძირითადად, მცირე წარმოებით ხასიათდება და ერთეულზე დანახარჯები მაღალია, შესაბამისად, ფასისმიერი კონკურენციაც რთულია სხვა ქვეყნებთან. ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არის ერთგვარი საშუალება, დამატებითი პოტენციალი ჩვენი ექსპორტის გასაზრდელად“, – განაცხადა დავით კეშელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები