ხობში, სოფელ ხამისკურის ხეთას ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურში მდებარე შუა საუკუნეების ხეთას ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს ბრძანებით მიიღო.
ციხესიმაგრე სოფელ ხამისკურში, ხეთა-ხამისკურის საზღვარზე, სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, საქირიოს უბანში მდებარეობს. ციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ,,ჯეგეთის“ მთა.
გალავანს შიგნიდან მიშენებული აქვს სამი დიდი ოთხკუთხა კოშკი, რომელთაგან ერთი ძლიერ დაზიანებულია. ციხისა და კოშკების სიმაღლე 5-10 მეტრს აღწევს, მათი ზედა ნაწილი ,,წაკვეთილია“. ციხეს შემოსასვლელი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან აქვს, აქ კოშკი გარედან ყოფილა მიდგმული რომელიც საფუძვლამდეა დანგრეული.
ჩრდილოეთის კოშკში შემორჩენილი მოზრდილი ზომის დამტვრეული ქვევრი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკში ხუთი ქვევრი ფიქსირდება. აღმოსავლეთით დაზიანებული სარკმელია, რომლის მარჯვენა მხარეს თაღედის კვალია დარჩენილი, სარკმლის ქვემოთ კედელი ორივე მხარეს შელესილია, ჩანს აქ ნაგებობა იყო მიდგმული, შესაძლოა, იგი ციხის სამლოცველო ყოფილიყო. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კოშკსა და კარიბჭეს შორის გალავანში გამართულია სათოფე ნიში. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში შეიმჩნევა გაურკვეველი ნაგებობის მინაშენის კვალი.
ციხე, ძირითადად, ნაგებია ადგილობრივი კირქვებით, გამოყენებულია, აგრეთვე, დიდი ზომის რიყის ქვებიც. ეზოში შეინიშნება გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. ციხის გარეთ, სამხრეთ-დასავლეთით, რამდენიმე მეტრში გამოდის წყარო.