დემურ გიორხელიძე ლარის კურსზე: რაც ხდება, ეს არანორმალური მდგომარეობაა

“ახლა რაც ხდება, ეს არის არანორმალური მდგომარეობა”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორხელიძის განცხადებით, საქართველოში არანაირი ჯანსაღი ეკონომიკა არ არის.
„პანიკის საფუძველი შეიძლება არ იყოს, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ კარგად მართული პროცესია, მაგრამ არანაირი ჯანსაღი ეკონომიკა საქართველოში არ არის და ამ პოლიტიკით, არ იქნება, იმიტომ, რომ იგი ეწინააღმდეგება თანამედროვე ეკონომიკური თეორიის საუკეთესო მიღწევებს. ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ზოგიერთ წევრს კარგად არ ესმის, რას ნიშნავს საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან დამატებითი თანხების ამოღება. ყოველი ასეთი დიდი ამპლიტუდით ლარის კურსის რხევა ნიშნავს იმას, რომ შენ ჯიბეში უყოფ ბიზნესს და მოქალაქეებს ხელს. ასეთი უაზრო პოლიტიკით და განცხადებებით, რაიმე ჯანსაღი ეკონომიკის ფორმირება შეუძლებელია.
კურსი ასე ითამაშებს. ითამაშებს არანორმალური ამპლიტუდით. ახლა რაც ხდება, ეს არის არანორმალური მდგომარეობა. ნებისმიერ ქვეყანაში წლის განმავლობაში, ერთი-ორჯერაც კი რომ შეირხეს კურსი ასეთი მასშტაბით, ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის აშშ-ის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება”,- განაცხადა გიორხელიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ლარის კურსის რყევა ისევ გაგრძელდება.
გიორხელიძე „საქსტატის“ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა პროდუქტზე ფასები გაიზარდა.
„შემიძლია, დიდი სიზუსტით გითხრათ, რომ ცოტა ხანში, ლარი ისევ ქვევით წამოვა, მაგრამ ეს არანაირი გამყარება არ იქნება, იგი ასე ითამაშებს და ყოველი ზევით ასვლა და ჩამოსვლა არის ჩვენი ჯიბეებიდან ფულის ამოღება. დააკვირდით, რა ხდება ფასებთან დაკავშირებით. დააკვირდით, რა ხდება ნავთობპროდუქტების ფასებთან დაკავშირებით – ასეთი ფასები არ არის აშშ-ში. დააკვირდით, რა ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში. ასე არ შეიძლება, რომ გაგრძელდეს, მაგრამ გრძელდება. როგორ ფიქრობთ, ლარი რომ თითქოსდა გამყარებას დაიწყებს, ფასები უკან წამოვა? ფასები არ მოდის უკან. ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ფასი 2.5844 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5783 ლარი ღირდა.
0.0076 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.9868 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9944 ლარი იყო.
რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ის მერყეობები, რომელიც პერიოდულად, ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირი პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა. მათი ცნობით, ინფლაციის ფორმირების გამო, ფასები მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ასევე, საცხოვრებელზე, წყალსა და ელექტრო ენერგიაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები