კესელოს ციხე-სოფლის სრულმასშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსიც შევა.
2001 წელს არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ მომზადებული სარესტავრაციო პროექტის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ციხე-სოფლის ტერიტორიაზე დარჩენილი იმ 5 კოშკის რესტავრაციის პროცესს დააფინანსებს, რომელიც ამ დრომდე ჩამოშლილია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის სამომავლო გადაწყვეტილება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა სოფელ ზემო ომალოში ვიზიტისას მიიღო, სადაც სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „კესელოს“ დაფინანსების საფუძველზე კესელოს ციხის რიგით მე-7 3 -სართულიანი კოშკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
ამ დრომდე კესელოს კომპლექსის 6 ციხე-სახლის რესტავრაციაც ფონდ „კესელოს“ ძალისხმევით განხორციელდა, რომლის დონორები ჰოლანდიელი და ქართველი ქველმოქმედები არიან. პროექტით გათვალისწინებული სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.
ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.