ეკა ბესელია: რა უფლება აქვს კომისიას – პოლიტიკურ ორგანოს, რომელი კანონით ხელმძღვანელობთ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაცია გასცეთ?

“სად წერია, რომ კომისიის რომელიმე წევრს ან ერთად აღებულ მთელ კომისიას უფლება აქვს, მითითება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, რომ წარუდგინეთ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით?” – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის მისამართით განაცხადა.
ეკა ბესელია მომხდარ დანაშაულში საპარლამენტო უმცირესობის მიერ მიხეილ კალანდიას ბრალეულობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
„თქვენ თქვით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს მ.კ.-ს ბრალის წარდგენისთვის, ანუ საფუძველი შეიქმნა. ასევე, თქვით: მოწმეები ამბობენ, რომ ჯიბეში ჩაიყო ხელი. ეს იყო ერთი კატეგორიული მტკიცებულება, რომელიც აღნიშნეთ. მე მაინტერესებს, ჯიბეში რომ ხელი ჩაიყო იქ მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, ეს არის თუ არა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელია გამოდგეს ადამიანისთვის განზრახ მკვლელობის ბრალის წარსადგენად? ეს ერთი. მეორე – შემდეგ მტკიცებულებად დაასახელეთ, რომ ერთ-ერთმა პირმა თქვა, რომ მოისმინა, როგორ თქვა მ.კ.-მ, რომ ტარი დაარტყა. ახლა დააზუსტეთ და მითხარით, ამბობს თუ არა ეს პირი, რომელსაც თქვენ გულისხმობდით, რომ მ.კ.-მ უთხრა, რომ სარალიძეს დაარტყა მან ეს საგანი. ასეთ ჩვენებას ან ეს პირი ან რომელიმე სხვა პირი, იძლევა თუ არა? ეს არის ისეთი ფაქტობრივი მონაცემი, რომელსაც ვერავინ გააყალბებს. მესამე – თქვით, რომ სკოლის წინ, იქ აჩვენა გარკვეულ ჯგუფს რაღაც საგანი. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს ფაქტობრივი მონაცემი არის უტყუარი, ასეთი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგანი აჩვენა ბავშვმა. არის საკმარისი იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც არსებობს ბრალდების წარდგენისთვის, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინო ადამიანს?
კომისიას და კომისიის წევრს, რომელიც საუბრობთ მ.კ.-ს მიმართ ბრალის წარდგენის აუცილებლობაზე და აკვალიფიცირებთ მის ქმედებას, რომ ეს არასრუწლოვანი განზრახ მკვლელობისთვის მიეცეს პასუხისგებაში… რა უფლება აქვს კომისიას – პოლიტიკურ ორგანოს, რომელი კანონით ხელმძღვანელობთ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაცია გასცეთ? სად წერია? ან მითხარით კონსტიტუციის ნორმა, ან მითხარით პროკურატურის კანონი, ან კომისიის რეგლამენტი… სად წერია, რომ კომისიის რომელიმე წევრს, ან ერთად აღებულ მთელ კომისიას, უფლება აქვს მითითება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, რომ წარუდგინოს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით? ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ერთი მოწმე თუ არსებობს, რომელიც იტყოდა, რომ მ.კ.-მ გამოიყენა საგანი სარალიძის მიმართ და დაინახა, რომ დაარტყა ამ ადამიანს საგანი, აი, ერთი ასეთი მოწმე მაინც თუ არსებობს და ვინ არის ეს მოწმე?”, – მიმართა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები