სოფიო ქაცარავამ ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ლატვიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით სამაგალითო თანამშრომლობა აღინიშნა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ საშუალებაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ამ კუთხით, აღინიშნა 24 სექტემბერს დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართება.
საუბარი ასევე შეეხო განათლების საკითხებს და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის მაღალი დონის განათლების მნიშვნელობას. ამ კუთხით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის” დაფუძნების მნიშვნელობას, რასაც ერთი მხრივ ექნება პრაქტიკული დატვირთვა, რომელიც იქნება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ ამას ექნება ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა. სოფიო ქაცარავამ ელჩს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„ლატვიასა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობა აკავშირებს. ახალ ელჩთან დღეს ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები. ყურადღება გავამახვილეთ სტრატეგიულ კომუნიკაციებზე. მოხარული ვარ, რომ ლატვიის საელჩო მონაწილეობას მიიღებს ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციაში, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება. მომავალში ვაპირებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას ჩვენს ლატვიელ კოლეგებთან, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრ მნიშვნელოვან შედეგს მოგვიტანს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები