რომან კაკულია: ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქმე გვაქვს დადებით ტენდენციებთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც ბიზნესსექტორში არსებულ ტენდენციებს ახასიათებს – მთლიანი ბრუნვა, წარმოებული პროდუქციის და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა – წინასაანგარიშო პერიოდთან შედარებით ძალიან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ბრუნვასთან დაკავშირებით 20%-მდე ზრდა, რაც თანხობრივ მაჩვენებელში 20 მილიარდამდეა, ცხადია, ძალიან პოზიტიურია. სწორედ ამ დადებით ტენდენციებს მოჰყვება ადამიანების პრობლემების მოგვარებაც.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქსტატმა ჩაშალა ინდიკატორები მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით. საშუალო საწარმოებშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. გამოწვევად რჩება მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევა, თუმცა გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის, ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესუნარების გაძლიერების კუთხით. ეს ყოველივე მცირე საწარმოების ბრუნვის, მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანთა უფრო მეტ ზრდას მოგვცემს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
„საქსტატის“ მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი 25 ათასით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები