აკაკი ზოიძე: კომიტეტის მოთხოვნა იქნება, ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში კონკრეტული თანხები ჩაიდოს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კომიტეტის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იქნება, ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში კონკრეტული თანხები ჩაიდოს. ამის შესახებ ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზოიძის თქმით, ამ მოთხოვნას კომიტეტი ბიუჯეტის განხილვისას დააყენებს.
“შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა ჩაიდოს ფული. სექტემბერში ბიუჯეტის განხილვა რომ იქნება, ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იქნება, რომ კონკრეტული თანხები ჩაიდოს არა მხოლოდ მარიხუანას, არამედ ზოგადად, ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში. აქამდე, ერთი ლარიც არ იდებოდა მიზანმიმართულად, არც მასობრივ სპორტში, არც ადამიანების განათლებაში, იმის თაობაზე, თუ რაოდენ მავნეა და რა რისკები ახლავს თან ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს, ლაპარაკიდან საქმეზე უნდა გადავიდეთ და ფული ჩავდოთ ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში”, – განაცხადა ზოიძემ.
თამუნა შეყილაძე