ნინო ზამბახიძე: ბიზნესსექტორის მზარდი სტატისტიკა ხელშემწყობი პროექტებითაა განპირობებული

„საქსტატის“ ცნობით, ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციები მეორე კვარტალშიც შენარჩუნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ, მისი თქმით, ეს სტატისტიკა განპირობებულია მთავრობის და დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებით, ასევე მზარდი ტურიზმით.
ნინო ზამბახიძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ბიზნესის კეთების კუთხით 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ასევე დადებითად იმოქმედა მოგების გადასახადის რეფორმამ, ე.წ. „ესტონურმა მოდელმა“, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ევროკავშირთან და ჩინეთთან. ეს და სხვა სახის საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისკენ, დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკურ პირობებზე“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 19.9 მლრდ. ლარი შეადგინა. გამოშვება 10.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები