დავით ზალკალიანი საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში საბერძნეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე. აღინიშნა რეგულარული პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობა, რაც დადებითად აისახა როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე ხალხთა შორის არსებული კონტაქტების გაღრმავებაზე.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიასპორის საკითხებში ჩამოყალიბებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით.
საუბრისას ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის თემატიკა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
დიმიტრიოს კარაბალისმა დაადასტურა საბერძნეთის მხარის მზაობა, უმასპინძლონ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ათენში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშში.