ანტინარკოტიკულ კამპანიას ავტომრბოლელები შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება და მას ავტომრბოლელებიც შეუერთდნენ. შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი, შსს-ს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის სპორტსმენები: დათა ქაჯაია, კონსტანტინე კოლიაშვილი, ირაკლი ჩხეიძე, სხვა ქართველი მრბოლელები და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსთავის ავტოდრომზე შეხვდნენ. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანზე ისაუბრეს.
მათ სტუდენტებს განუმარტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკების გამოყენების პრევენცია, ხოლო სლოგანია – „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.
მათ ასევე აცნობეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“. კანონის მიხედვით, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, ხოლო ყველა ზემოჩამოთვლილი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. შეხვედრის ბოლოს ავტომრბოლელებმა ერთად მოუწოდეს ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე. მათ სტუდენტებისთვის საჩვენებელი რბოლა გამართეს.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=tUIZBDhoBT8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]